ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე სალომე ზურაბიშვილის წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები სრულად ეთანხმებიან შერიგების პროცესს.
"საქართველოს საერთაშორისო მეგობრები სრულად ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილს, უფრო მეტი წინ გველის." - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
International friends of #Georgia can't agree more with President @Zourabichvili_S. More coming soon. https://t.co/rm4Qv6E6GE
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება "გადაღლილია", "ძალიან მძიმე მდგომარეობა" კი "გაუსაძლისია" ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.
თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და "ქართული". პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს "პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ".
შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა "სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება". სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.